დაბომბილი ტანკერის ეკიპაჟი უსაფრთხოდაა: მიმდინარეობს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაცია

ტანკერს ქართველი კაპიტანი ჰყავდა, გემზე ჯამში 23 ქართველი მეზღვაური იყო.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება, იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zefyros-ზე, რომელიც ერაყის ტერიტორიულ წყლებში ირანმა დაბომბა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, დღეს დილით გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი 12 მარტის ღამეს გაჩნდა - მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა და ამ გემზე ჯამში 23 ქართველი მეზღვაური იყო.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, რომ ერაყის რესპუბლიკის წყლების მიმდებარედ ტანკერზე 11 მარტს მოხდა ინციდენტი, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია დრონით თავდასხმასთან. საკრუინგო კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით, გემზე იმყოფებოდნენ ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ამჟამად უსაფრთხოდ არიან. გემთმფლობელი კომპანია და სადაზღვევო კომპანია ჩართულნი არიან პროცესში და მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები მუდმივად აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით, აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. საპასუხოდ ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.