6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი აღარ აიკრძალება: იზრდება აქციზის ტარიფი

ამ დროისთვის ავტომობილებზე 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადი კუბზე 80 თეთრს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გასულ თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია უნდა აკრძალულიყო. აღნიშნულს ავტოიმპორტიორებისა და მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ავტოიმპორტიორები აცხადებდნენ, რომ ეს ხელს შეუშლიდა რეექსპორტსაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია ექსპორტსა და ტრანზიტს არ შეეხებოდა.
კერძოდ, კობახიძის განცხადებით, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული.
"შესაბამისად, შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების, ასევე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს", – განაცხადა კობახიძემ.
ამ დროისთვის ავტომობილებზე 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადი კუბზე 80 თეთრს შეადგენს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში აკრძალულია 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80.6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.