როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში

თვის განმავლობაში ინდექსის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24,5%-ით შემცირებით.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. 2026 წლის იანვარში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, 4%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
ცალკეულ სეგმენტებში ინდექსი თვიურად შემცირდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 4,8%-ით
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 1,9%-ით
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი - 4,1%-ით.
საქსტატის ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24,5%-ით შემცირებით.
2026 წლის იანვარში 2025 წლის იანვართან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4,3%-ით, რაც ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18,8%-ით ზრდით.
ცალკეულ სეგმენტებში წლიურად ინდექსი გაიზარდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 3,5%-ით
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 17,7%-ით
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი - 0,9%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ისე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.