ლოტკინის დასახლებაში უსაფრთხოების მიზნით საყრდენი კედელი ეწყობა

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ნაძალადევის გამგეობა რაიონში უსაფრთხოების მიზნით კიდევ ერთ საყრდენ კედელს აწყობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედელი ლოტკინის დასახლებაში, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან ეწყობა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოდ იყვნენ და არანაირი პრობლემა არ იყოს", – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ცნობით, არმირების სამუშაოები უკვე შესრულებულია, ამ ეტაპზე ბეტონის ჩასხმის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 20 მეტრი სიგრძისა და ხუთი მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა და დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი. ასევე მოეწყობა საერთო სარგებლობის კიბე.
ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.