თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის 31 თებერვლისთვის, წინასწარი მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით 358,9 მილიონი დოლარით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო რეზერვებმა დაახლოებით 6,65 მილიარდი დოლარი შეადგინა
მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2025 წლის 31 დეკემბერს მიაღწია და 6,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარში რეზერვები 140,9 მლნ დოლარით გაიზარდა.
„ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2.432,5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2026 წლის იანვარში 86,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18%-ს (1 198.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
„ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698.40 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (3,8 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,2 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 472,8 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 30 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება შეადგენს „მინუს" 107,4 ათას დოლარს.