თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) ჩაბარება დამატებით ორ ქალაქში გახდა შესაძლებელი. ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, CE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) ჩაბარება სააგენტოს თელავისა და ფოთის სტრუქტურულ ერთეულშიც გახდა შესაძლებელი.
კატეგორია "CE" ეს არის სატვირთო ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს.
"ამ ეტაპზე, CE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება დაინტერესებულ პირებს რუსთავის, თელავის, ქუთაისისა და ფოთის სტრუქტურულ ერთეულებში შეუძლიათ“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
ამასთანავე, უწყებიც ცნობით, თელავის, ქუთაისისა და ფოთის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ ავტოპარკს აღნიშნული კატეგორიის 3 სატრანსპორტო საშუალება დაემატა.
რაც შეეხება გამოცდის ეტაპებს, CE კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან: პრაქტიკული გამოცდის I ეტაპი (მოედანი) და II ეტაპი (რეალური საგზაო მოძრაობა). CE კატეგორიაზე გასასვლელად მძღოლი უკვე უნდა ფლობდეს "C" კატეგორიის მართვის უფლებას.
"CE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ელემენტები მოიცავს უკუსვლით პარკირებას, პლატფორმასთან უკუსვლით დაყენებას, მისაბმელის გადაბმა და ჩახსნას.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარებულია ესპანეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის ამ ქვეყნების მართვის მოწმობაზე გაცვლა გამოცდის გარეშე. ამჟამად იტალიაში მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.