თბილისი, 9 მარტი - Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს დამოუკიდებლად შეაფასოს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და არ დაემორჩილოს ბრიუსელის მიერ თავს მოხვეულ პროპაგანდას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან და ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს, რათა განიხილოს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები, დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის საკითხები.
„საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ მთავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა იყო, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა პირობა დადო რომ დაეყრდნობოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, საქართველო შეცდომაში შეიყვანეს. მისი თქმით, ბრიუსელის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად, იყო რადიკალური დღის წესრიგის იძულების მცდელობა, მათ შორის უცხოური პოლიტიკური ჯგუფებისა და სახელმწიფოების ჩართულობით და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წაქეზებით, რაც 4 ოქტომბრის მოვლენებში გამოჩნდა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო საპარლამენტო ასამბლეის აქტიური წევრია და სრულად მზადაა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მისი ახალი ხელმძღვანელიც აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ორგანიზაციას - კონსტრუქციული დიალოგის. ამ მხრივ ჩვენც სრული მზადყოფნა გვაქვს. ჩვენთვის არის რამდენიმე რამ მნიშვნელოვანი. პირველი, რომ ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ მოარყია“, - აღნიშნა მან.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. PACE-ს და ევროპარლამენტისგან განსხვავებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჯერჯერობით ამ გავლენისგან არის მეტ-ნაკლებად დაცული.
„ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვიოს თავად სიმართლეში და ის თავს მოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არ მიიღონ უკრიტიკოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დიალოგის საერთო პლატფორმაა და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით სავსე სამყაროში ეუთომ შეინარჩუნოს რელევანტობა და შეძლოს ეფექტურად შეასრულოს თავისი ფუნქციები, განაცხადა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ. მან ასევე საინტერესო უწოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც ამ ქვეყანას აწუხებს და შემდეგ პრესკონფერენციას გავმართავთ, რადგან მინდა მოვისმინო ყველა მოსაზრება და მონაცემი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ასამბლეის პრეზიდენტმა.
საქართველოში ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვდება პოლიტიკურ მოღვაწეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო წრეს.
დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე არიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია), პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო), დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 30 წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს გახდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. თუმცა ამჟამად ურთიერთობები დაძაბულია - ორგანიზაცია აკრიტიკებს საქართველოს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო. 2026 წელს ოცზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფასების მიზნით.