ძიუდო: ტატო გრიგალაშვილი ავსტრიის გრან-პრის ჩემპიონია

სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა ქართულ ფინალში ლუკა ჯავახიშვილი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრის ჩემპიონი გახდა.
სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა ქართულ ფინალში ლუკა ჯავახიშვილი იპონით დაამარცხა და კარიერაში მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა.
ტატო გრიგალაშვილმა ფინალამდე ბრიტანელი, ჩეხი, ესპანელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა. ლუკა ჯავახიშვილმა კი გერმანელ, იტალიელ, ისრაელელ და ფრანგ ძიუდოისტებს სძლია.
დღეს ფინალურ ბლოკში ასევე იასპარეზებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი – ის ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზადხანოვს შეხვდება.
ავსტრიაში ტურნირი 6 მარტს დაიწყო და 8 მარტს დასრულდება - საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგა.