უცხოელ დონორებს მოუწევთ წესების დაცვა - პარლამენტის თავმჯდომარე

უკანონო გრანტის მიღებისთვის ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით თანხას შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. უცხოელ დონორებს გრანტების გაცემისას საქართველოს მიერ დანერგილი წესების დაცვა მოუწევთ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
2026 წლის 5 მარტიდან საქართველოში ძალაში შევიდა „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც უცხოური დაფინანსების მიღების წესებს ამკაცრებს.
„უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უცხოელ დონორებს აქვთ ერთი თვე 2026 წლის 5 აპრილამდე, რათა მიმდინარე გრანტების დასამტკიცებლად მთავრობას მიმართონ.
მისი თქმით, თუ უცხოელი დონორები ვერ შეძლებენ საკითხების მოგვარებას, კანონი ითვალისწინებს სანქციებს როგორც დონორებისთვის, ასევე გრანტების მიმღები ორგანიზაციებისთვის.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულია 44 დონორისგან უცხოური გრანტების მიმღები 31 პირი.
2026 წლის მარტიდან გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის.
გრანტად ასევე მიიჩნევა ფულადი სახსრები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ არის გადაცემული ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
გრანტად მიიჩნევა ასევე ზემოაღნიშული საქმიანობისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ასევე უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება იმავე ფორმებით.
უკანონო გრანტის მიღებისთვის ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით თანხას შეადგენს.