თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სასამართლოში გამოიკითხებიან

სუსი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სწავლობს
Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გუბაზ სანიკიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი სუს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სუსმა აღნიშნული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი დაიბარა, რომლებიც საკუთარი სურვილით სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან“, – განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა ამას წინად განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ირანს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. მედიაში ასევე გამოჩნდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც არის ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანი საქართველოში გეგმაზომიერად და ორგანიზებულად „აფართოებს გავლენას“ და „გავლენის ინფრასტრუქტურას“.
მანამდე სუსმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ყურადღებით სწავლობენ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე „მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია“.
სუსის თქმით, განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.