უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა: თებერვლის სტატისტიკა

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია, აცხადებენ უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 142 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 18 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარდა ამისა, თებერვალში დალუქულია 9 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
ჯამში ამოღებულია 180 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ყველაზე მეტი - 59 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 42, სამცხე-ჯავახეთში - 24, შიდა ქართლში - 14, აჭარაშიც - 14, ქვემო ქართლში - 10, იმერეთში - 9, გურიაშიც - 9, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა, გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტითსარგებლობის 308 ფაქტია გამოვლენილი.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება.
ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.