ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა, ნათქვამია ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 თებერვალს თბილისში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გარკვეული პრობლემები შექმნა - დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ვაკეში, საბურთალოზე, გლდანსა და ისნის რაიონებში მიწის ფერდობები ჩამოაშალა. უამინდობის გამო თბილისის რამდენიმე უბანში ხეები წაიქცა, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები.
უწყების ცნობით, თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია.

„დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებულ როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს“, - აღნიშულია ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე, ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა, რისკების შეფასება და ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამატებითი პრევენციული ზომების შემუშავება. ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, პროცესში ჩართულია ბაღის შესაბამისი მიმართულების სამსახურები.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი დრო და რესურსი იქნება საჭირო.
„ბაღის დროებითი დახურვა პრევენციული გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებას“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
სამუშაოების დასრულებისთანავე ის ტერიტორიები, სადაც ამჟამად გადაადგილება შეზღუდულია, ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს.
ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისში, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევი) ხეობაში მდებარეობს. ამჟამად ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციებია წარმოდგენილი. ბაღის კოლექცია მოცავს 3,5 ათასამდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს.