ნიკოლ ფაშინიანი პირველ შეხვედრას პრემიერ კობახიძესთან გამართავს

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძესთან გამართავს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ფაშინიაში, დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია - სომხეთის პრემიერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. დღის ბოლოს კი სომეხ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

„დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები მინისტრებს შორის, ჩემი შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ის ფორმატია, რომელშიც განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საკითხებს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, სამომავლო პერსპექტივებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, რეგიონულ საკითხებს, ასევე საქართველო-სომხეთის „შუა დერეფნის როლს" განიხილავენ.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.
სხდომის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.