თბილისი, 4 მარტი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში, მდინარე მტკვარზე, უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გორში მოქალაქეებმა გასაბერი ნავიდან, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 31 კგ-ზე მეტი თევზი.
ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედაც. მას უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა დაახლოებით 1 კგ-მდე თევზი.
„სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაემუქრა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ორივე ფაქტის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.
უწყებაში აღნშნავენ, რომ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2025 წელს, მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ თევზჭერის წესების დარღვევის 57 ფაქტია გამოვლენილი.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
საქართველოში აკრძალულია თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით. ეს ფასდება როგორ ბრაკონიერობა, 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან კი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში იწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი იწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, იწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.