ასეთი ცინიკურია სამყარო: პაპუაშვილი რუსეთთან დიალოგის თაობაზე ევროკავშირის მოწოდებებზე

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული მიდგომა საქართველოს გარშემო შესაძლო ესკალაციასა და მოსკოვთან ურთიერთობის კონტექსტში ევროკავშირის პოლიტიკის ხაზს დაუკავშირა.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი - Sputnik. ევრობიუროკრატიისა და ევროპელი ლიდერების რუსეთის მიმართ შეცვლილი რიტორიკა ასახავს პრაგმატული ინტერესების ლოგიკას, რომელიც თბილისმა უკვე „ გამოსცადა საკუთარ თავზე", განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო პერიოდში ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში ევროკავშირსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენისკენ მოწოდებები გაისმა. იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის საკითხების განხილვის აუცილებლობა, მათ შორის, მოსკოვთან დიპლომატიური კონტაქტების გზით. კრემლი აღნიშნულ სიგნალებს დადებითად გამოეხმაურა და მათ ევროკავშირის „პოზიციის ევოლუცია“ უწოდა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები და საერთაშორისო მხარდაჭერის იმედგაცრუება, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ კი აკვირდებოდა, თუ როგორ „ტვირთავდნენ“ პარტნიორები ურთიერთობებს საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე.
ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, საკუთარ მიზნებს", - განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში".
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აღნიშნული მიდგომა საქართველოს გარშემო შესაძლო ესკალაციასა და მოსკოვთან ურთიერთობის კონტექსტში ევროკავშირის პოლიტიკის ხაზს დაუკავშირა.
„თუ ესკალაციისკენ საქართველოს ბიძგებით რუსეთთან მიმართებაში რაიმე გამოუვათ, ხომ კარგი. თუ არ გამოუვათ, მაშინ 15 პაკეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოგვიგზავნიან, წლისთავზე განცხადებას გააკეთებენ, დაგვპირდებიან, რომ ევროკავშირის წევრი გავხდებით და ჩამოკიდებენ ამას სტაფილოსავით, რომელსაც დაგვანახებენ, რომ აქეთკენ შეიძლება ვისწრაფოთ. ასეთი ცინიკურია სინამდვილეში დღეს სამყარო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.