ირანის მოქალაქემ თბილისში ირანის საელჩოს საკონსულოს ფანჯრის მინა ჩაამტვრია

ინცინდენტი თბილისში გუშინ მოხდა. ირანის მოქალაქე უკვე დაკავებულია.მას ჯარიმის გადახდის შემდეგ საქართველოდან გააძევებენ.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინის ჩამსხვრევის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს, დაწერა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელში.
„წუხელ, ერთი შეუგნებელი ირანელის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. ამ ინციდენტის შემდეგ, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელმაც ზუსტად და პროფესიონალურად იმოქმედა და დამნაშავე დააკავა“, - დაწერა მოჯანიმ.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ასევე გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც ზიანის ოდენობის შესწავლისა და ირანის მოქალაქის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების პროცესი დაიწყო.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“) თანახმად, დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100–დან 180 საათამდე ვადით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1–დან 3 წლამდე ვადით.
ელჩმა დროული რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ირანის მოქალაქე საპატიმროში 6 თვეს გაატარებს, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი მოხდება მისი საქართველოდან დეპორტაცია და ჩამოერთმევა ქვეყანაში ხელმეორედ შემოსვლის უფლება.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშებთან დაკავშირებით, ამ დღეებში ირანის საელჩოს შენობასთან აქცია გაიმართა.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივის განცხადებით, დარტყმების მიზანია - არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანული ფლოტისა და თავდაცვითი მრეწველობის განადგურების განზრახვის შესახებ განაცხადა.
1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.