თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
კალაძის თქმით, თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება.
„ამაღამ უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად... აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებს „ცხელი ხაზი", სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა. როგორც მან აღნიშნა, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმზეა გადასული.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი პაპავას განმარტებით, ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა, ტექნიკური მარილი კი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ნალექს გაუმკლავდეს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.