მოსაზრება: აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ — აქტი მესამე

Sputnik
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიმართულებით ისეთი მასშტაბის საზღვაო, საჰაერო და სხვა სამხედრო ძალები განალაგა, რომ ახალი „უდაბნოს ქარიშხლის“ დაწყება დღეს ან ხვალ აღარავის გააკვირვებს. ტრამპის სტრატეგია — „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ —ახალ სამხედრო დაპირისპირებებს, პრაქტიკულად, გარდაუვალს ხდის, მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისლამურ რესპუბლიკას ამერიკული „წესები“ არ აძლევს უფლებას, ფლობდეს დიდ ნავთობრესურსებს, სრულ სუვერენიტეტს და გამდიდრებულ ურანს.
19 თებერვალს დონალდ ტრამპმა ირანის ხელმძღვანელობა გააფრთხილა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების აუცილებლობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა „ნამდვილად ცუდი რამეები“, და დააწესა 10–15-დღიანი ვადა. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, გაზაფხულის დასაწყისში იგეგმებოდეს, დაახლოებით, 90%-იანი ალბათობით. თეირანმა განაცხადა, რომ მზად არის რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე „გადამწყვეტი და პროპორციული“ საპასუხო დარტყმის მისატანად. ვითარება შემაშფოთებელია და პარადოქსული.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „მშვიდობის გზაზე“ თეირანთან მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს. მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ძალის უპრეცედენტო გაძლიერება და ვაშინგტონის მუქარები „მნიშვნელოვანი“ შეთანხმების მისაღწევად ირანისთვის პოზიტიურ სიგნალს არ იძლევა. აშშ და ისრაელი ტრადიციულად (დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე) ადანაშაულებენ ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. ვაშინგტონი მოითხოვს ურანის გამდიდრებაზე სრულ უარს. თეირანი იცავს თავისი “ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს”. ამერიკული მხარე ასევე მოითხოვს, რომ ირანმა უარი თქვას შორი მოქმედების ბალისტიკურ რაკეტებზე. სარაკეტო არსენალი ირანისთვის შეუთანხმებელი „წითელი ხაზია“.
2025 წლის ზაფხულზე აშშ-მ და ისრაელმა გაფრთხილების გარეშე სარაკეტო-ბომბური დარტყმები მიიტანეს ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სამხედრო ბაზებზე. ირანმა საპასუხო დარტყმები მიიტანა რაკეტებით მოწინააღმდეგის ბაზების მიმართულებით. დაპირისპირება, შესაძლოა, გაგრძელდეს. იზრდება დაძაბულობა და პენტაგონის სამხედრო ოპერაციის ალბათობა, რომლის შედეგები, შესაძლოა, აისახოს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზეც.
ვაშინგტონმა რეგიონში ორი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა — ატომური ავიამზიდები USS Abraham Lincoln და USS Gerald R. Ford, რომელთა ბორტზე ასზე მეტი გამანადგურებელია განთავსებული. ასობით გამანადგურებელი F-16, F-22, F-35 და F-15 გადაისროლეს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ომანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და ქუვეითში. ისრაელში განთავსებულია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის თვითმფრინავი C-32B „Gatekeeper“.
ევროპაში განლაგებულია ათობით საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი, რათა უზრუნველყოს სტრატეგიული ბომბდამშენების გადაფრენა ჩრდილოეთ ამერიკიდან. რეგიონში მოქმედ შვიდ სარაკეტო ესმინეცსა და რამდენიმე წყალქვეშა ნავს შეუძლია ასეულობით „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება. თუ ტრამპი მართლაც აპირებს ირანის იძულებას ბირთვულ შეთანხმებაზე „პირველადი შეზღუდული დარტყმის“ მეშვეობით, ტექნიკურად ამისთვის ყველაფერი მზად არის.
ვითარება, შესაძლოა, მკვეთრად გამწვავდეს. ირანი მსოფლიოს სამხედრო ძლიერ სახელმწიფოებს შორის პირველ ოცეულშია — Global Firepower-ის რეიტინგში მე-16 ადგილზე. თეირანმა პირდაპირ განაცხადა თავდაცვის მზადყოფნის შესახებ და გაფრთხილება გააკეთა, რომ ამერიკული დარტყმა ფართომასშტაბიან რეგიონულ ომს გამოიწვევს, რომელშიც ის მეზობელი ქვეყნები ჩაერთვებიან, სადაც პენტაგონის ბაზებია განთავსებული. მანამდე, ირანმა არაერთხელ მიიტანა სარაკეტო დარტყმები ერაყსა და ყატარში მდებარე ამერიკულ ობიექტებზე, როგორც საპასუხო ზომა.
საკუთარი ძალების საჰაერო დაფარვისთვის პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის ორი სპეციალური ქვედანაყოფი გადაისროლა — 24 ერთეული F-16CJ, ასევე რამდენიმე AWACS E-3 Sentry ტიპის ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავი. აშკარაა, რომ ავღანელ თალიბებთან და იემენელ ჰუსიტებთან მრავალწლიანი ბრძოლების გამოცდილებამ, ამერიკულ სტრატეგიაში სათანადო გაკვეთილები ვერ დატოვა. აშშ ამზადებს მასირებულ შეტევას, რომლის მიზანია, ირანის თავდაცვის გარღვევა და ქვეყნის ხელმძღვანელობის პარალიზება. არ არის გამორიცხული ბირთვული ესკალაციაც.
ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტებმა პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ ირანთან დაპირისპირების შემთხვევაში, წარმატება გარანტირებული არ არის. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, დენ კეინიმ განაცხადა:

„ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, აშშ სირთულეებს წააწყდება, რადგან ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო, შეიარაღების მარაგები შემცირებულია“.

ამერიკელი ანალიტიკოსები ამ ომს აფასებენ, როგორც „უგუნურს“.
ირანში „რეჟიმის ცვლილების“ მაქსიმალისტურ სცენარს მხარს უჭერს ისრაელის მთავრობა და უახლოეს დღეებში ომისთვის ემზადება. თუმცა ისრაელის დაზვერვამ დაასკვნა, რომ აშშ-ის სამხედრო პოტენციალი ირანზე მხოლოდ ერთკვირიანი ინტენსიური დარტყმებისთვისაა საკმარისი. ბრიტანეთმა უარი უთხრა ამერიკელებს თავისი ორი სამხედრო-საჰაერო ბაზის — Diego Garcia და RAF Fairford — გამოყენებაზე თეირანის წინააღმდეგ B-1, B-2 და B-52 ტიპის ბომბდამშენებით. სავარაუდოდ, მიზეზი ის არის, რომ პროირანული პროქსი-ჯგუფების „მძინარე უჯრედები“ უკვე ამზადებენ დივერსიებს ევროპის სამხედრო ობიექტებზე.
18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმა ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, სერიოზულ შედეგებამდე მივიდეს: „ეს ცეცხლთან თამაშია“. მან ასევე თქვა:
„ირანი არასოდეს ყოფილა მხილებული ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევაში ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან გაფორმებული გარანტიების შეუსრულებლობაში… ირანს აქვს მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრების უფლება“.
რუსეთის პოზიცია მკაფიოა და დაუფარავი.
არაბულ ქვეყნებშიც, განსაკუთრებით საუდის არაბეთში, სამხედრო სცენარს „სრულიად არარეალისტურად და უგუნურად“ მიიჩნევენ. ეს ვენესუელა არ არის — „ირანს ბევრი გამანადგურებელი კოზირი აქვს“. სამწუხაროდ, ტრამპი იშვიათად უსმენს გონივრულ რჩევებს. გამოცემა The American Conservative 20 თებერვალს წერდა: „არავინ იცის, რა ხდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავში“. შესაძლოა, აგრესიული გეგმები “გააცივოს” ორმუზის სრუტეში რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდების ყოფნამ, რომლებიც ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებში „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი – 2026“.
გამოცემა The War Zone მიიჩნევს, რომ ეს ერთობლივი მანევრები ვაშინგტონისთვის სიგნალია: ასეთი ყოფნა და კოორდინაცია ართულებს ირანზე თავდასხმის მცდელობებს და ადასტურებს სამი ქვეყნის სწრაფვას მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისკენ. ორმუზის სრუტეში რუსეთისა და ჩინეთის საბრძოლო ხომალდები წარმოადგენს რადიოელექტრონული დაზვერვისა და სამიზნე დანიშნულების სისტემის თვალსაჩინო ელემენტებს. „ვენესუელური“ მოულოდნელობის ეფექტი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ხოლო შემთხვევითი დაზიანების ალბათობა გლობალური სამხედრო კონფლიქტის წინაპირობას ქმნის.
19 თებერვალს ტრამპმა თავისი ბრძანებულებით კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ანტირუსული სანქციები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა 2014 წლის მარტში, უკრაინაში კონფლიქტის გამო დააწესა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქმედებები და პოლიტიკა კვლავ წარმოადგენს „უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებისთვის“. „ანკორიჯის სულისკვეთება“ აქ ნამდვილად არ იგრძნობა, სამაგიეროდ, ისმის მესამე მსოფლიო ომის „დრამების ხმა“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე