თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ევრაზიულობა, როგორც ძირითადი ორიენტირი საქართველოსთვის, რომელიც ფსონს დებს ტრადიციონალიზმსა და სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, იუწყება „ევრაზიის ინსტიტუტი".
ონლაინ-ფორმატში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ევრაზიული პროექტისა და სკვითური მოძრაობის ანალიზის ფარგლებში გაიმართა, ქართველი პოლიტოლოგები, ისტორიკოსები და ახალგაზრდული ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები, რუსეთის მხრიდან კი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი, ლევ გუმილიოვის ცენტრის დირექტორი პაველ ზარიფულინი მონაწილეობდა.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, საზოგადოებრიობისა და პოლიტიკური ელიტების დასავლური ცივილიზაციით იმედგაცრუების ფონზე ევრაზიული იდეები სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
პაველ ზარიფულინმა, როგორც ძველი სკვითების ისტორიისა და კულტურის მთავარმა პოპულარიზატორმა, დაწვრილებით განმარტა თუ რას ნიშნავს „სკვითობა“ და რით არის იგი აქტუალური იმ ხალხებისთვის, რომლებიც (განსხვავებით ევრაზიის ბევრი ხალხისაგან) არ მიეკუთვნებიან სკვითების შთამომავალთა რიცხვს ან თავი ასეთებად არ მიაჩნიათ.
ზარიფულინმა ასევე ისაუბრა რუსეთის გადასახედიდან თუ რას წარმოადგენს ევრაზიული პროექტი და რამდენად არის იგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხთა ინტერესის საგანი.
„თანამედროვე „სკვითებთან“ გაერთიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რადგანაც სკვითობა ცოცხალი პასიონარულის მოდელია. სხვათა შორის სკვითები, ისევე როგორც ქართველები და სამხრეთის სხვა ხალხები, იყვნენ სინათლის, მზის ხალხი, რომლებიც თავიანთ ნაკეთობებს ძირითადად ოქროსგან ამზადებდნენ“, – აღნიშნა რუსმა ისტორიკოსმა.
მრგვალ მაგიდის ფორმატში ასევე იმსჯელეს ახალი ევრაზიულობის ფუნქციაზე ნაციონალიზმისა და ლიბერალიზმის დამანგრეველი ფორმების დაძლევაში, რომლებიც, ზარიფულინის თქმით, „ერთმანეთთან ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ისინი საკუთარ თავს თვითონვე ანადგურებენ“.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ზოგიერთი ასპექტი, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობების კონტექსტში ექსპერტულ საზოგადოებას აინტერესებს.
თავის მხრივ, ზარიფულინმა აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა არაერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის, მათ შორის, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მიმართულების განხორციელებისათვის.