თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. აშში-ის ახალმა ადმინისტრაციამ ის, რაზეც ჩვენ 3 წლის მანძილზე ვსაუბრობდით დაადასტურა იმით, რომ დახურა ორგანიზაციები, რომელიც მათ შორის საქართველოში მავნე პროექტებს აფინანსებდნენ და ძირს უთხრიდნენ ქართულ დემოკრატიას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
პაპუაშვილის თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხზე ხელისუფლებას დღეს კიდევ უფრო მყარი არგუმენტები აქვს.
„ფაქტია, რომ უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა, რომელზეც ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობს... საქართველოში პოლიტიკური ფული არ უნდა იხარჯებოდეს, ხოლო ფული, რომელიც ახლოს არის პოლიტიკასთან და მასზე ახდენს გავლენას, მხოლოდ ქართველი ხალხის თანხმობით უნდა იხარჯებოდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე მიდიოდა.
მმართველმა პარტიამ „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ახალ კანონში დაზუსტებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან ორგანიზაციების მიერ ნებისმიერი დაფინანსება გრანტად ჩაითვლება, თუ ის გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს მთავრობაზე, სახელმწიფო ორგანოებზე ან საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის.
მიმდინარე კვირაში პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ახალი ტერმინის „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ შეტანას.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის კვალდაკვალ შეაჩერა NED-ის დაფინანსება, რომელიც მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორად ითვლება.
აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის შესახებ. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება ორმხრივი შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯები.