თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს, განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში.
ცნობილი „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შვილი, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს - 22 წლის ახალგაზრდას ათზე მეტი ტყვია ესროლეს.
ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბუსა ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 18 თებერვალს შეუფარდა. ჟვანიას გარდა, კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალი წარდგენილი აქვთ ძმებ გურამ კაკულიასა და დავით კაკულიას.
პროკურორის თქმით, მისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება, ბრალდებული ბუსა ჟვანია.
,,ბუსა ჟვანია ქვეყნიდან არ არის გასული ოფიციალურად და მე არ ვიცი, სად არის”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფება. მასზე კანონით დადგენილი წესით ძებნა გამოცხადდა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი კრიმინალურ სამყაროში შურისძიებასა და ავტორიტეტის გამყარებას უკავშირდება. კერძოდ, ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ე.წ. კანონიერ ქურდზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მისი შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. ძმების მამა, ე.წ. კანონიერი ქურდი დავით კაკულია 2001 წლის აგვისტოში მოსკოვში მოკლეს, რაზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.
საქმის მასალების მიხედვით, ძმებმა კაკულიებმა 22 წლის პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა მის მამაზე შურისძიების მიზნით განიზრახეს. მათ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა მეგობარ ბესარიონ ჟვანიასთან ერთად დაგეგმეს. ბრალდებულები ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდნენ და შესთავაზეს კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.
2021 წლის 15 სექტემბერს კავილაძე და ჭელიძე თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ნიკო კვარაცხელია მიღებული დაზიანებების შედეგად იმავე დღეს გარდაიცვალა.
გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება სსკ-ის 25, 109-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე უკვე არიან მსჯავრდებულები და შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.