ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება: რას ითვალისწინებს ცვლილებები

სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარდგენილ კანონის პროექტს, რომლის თანახმადაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად გაჩნდება ცნება „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“, რაც გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას.
შესაბამისად, კანონის პროექტის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული.
პროექტი სესიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. მისი თქმით, კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებზე არ გავრცელდება, იგი ასევე არ შეეხება სამოყვარულო და შიდა მეურნეობისთვის გაშენებულ ვენახებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალი კანონი უზრუნველყოფს, რომ ქართული ღვინის პროდუქციის სტანდარტი სათანადო დონეზე იყოს დაცული. გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანებას „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“ 2026 წლის 1-ელ მარტამდე გამოსცემს.
ცვლილებების თანახმად, ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.
გარდა ამისა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ მოქმედი კანონით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციით.
მთავრობის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც გაიზარდა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ წარმოება მხოლოდ ამ ღვინის ან სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან განხორციელდეს.