ქუთაისში ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერებების შეძენას ცდილობდნენ: დაკავებულია 2 პირი

სუსის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ურანისა და რადიოაქტიური ცეზიუმ 137-ის შეძენას 3 მლნ დოლარად გეგმავდნენ
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა (სუსი) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე.
მაღრაძის განცხადებით, უწყებამ 1,5 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა და პასუხისგებაში მისცა 29 პირი.
აღნიშნული სოსხლის სამართლის საქმეებიდან ერთ-ერთია ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობა, რომელიც ქუთაისში დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას 3 მლნ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად“, - ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის.
გამოძიება სსკ-ის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.