შარმანაშვილი: აშშ-ის ინტერესებში არ შედის სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობა

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ფონდსა და ორგანიზაციას ბრალი დასდო, რომ ისინი როგორც აშშ-ში, ისე ქვეყნის გარეთ ერეოდნენ ისეთ საქმეებში, რაც მათ კომპეტენციას სცილდებოდა.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა USAID და NED გააუქმა და აღნიშნული გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ამერიკის ინტერესებში არ შედის სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ჩინოვნიკმა მაიკ ბენცმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ. ბენცმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის „ორმაგი სტანდარტი“ : მაშინ, როცა ამერიკაში წლებია მოქმედებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონი (FARA), ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას უკრძალავს, რადგანაც ამ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ქონა თავად სურს.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, დონალდ ტრამპმა ზოგიერთ ფონდსა და ორგანიზაციას ბრალი დასდო, რომ ისინი როგორც აშშ-ში, ისე ქვეყნის გარეთ ერეოდნენ ისეთ საქმეებში, რაც მათ კომპეტენციას სცილდებოდა.
„რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ა ამერიკის დოქტრინაში ასახვა მოჰყვა. რაც ამერიკაში ხდებოდა, ის უკვე დოკუმენტებში აისახა. მისასალმებელია აშშ-ის განცხადება, რომ მისი ინტერესი სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არ არის. უკვე შეცვლილია რეალობა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ტრამპმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას არ გააგრძელებდა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე მიდიოდა.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის კვალდაკვალ შეაჩერა NED-ის დაფინანსება, რომელიც მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორად ითვლება.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ უცხოური დახმარების პროგრამებმა დიდი ხანია, მიატოვა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ეს ტენდენცია საუკეთესოდ გამოიხატა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID). დოკუმენტის მიხედვით, აშშ ათწლეულების განმავლობაში მოკავშირეებს სხვადასხვა პროგრამით ეხმარებოდა, აშშ-ის ახალი სტრატეგიით კი ეს ფინანსური რესურსები უფრო გონივრულად დაიხარჯება.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.