ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“: ოპოზიციამ მისიის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში არსბულ ვითარებას, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში, 11-დან 24 თებერვლის პერიოდში შეისწავლიან.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნულ მომხსენებლებს შეხვდნენ, იუწყება ტელეარხი „TV პირველი“.
29 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, გააქტიურა „მოსკოვის მექანიზმი" ექსპერტთა მისიისთვის, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეაფასებენ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის, ანა ოლსონ ვრანგის სახელით ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„ამ მექანიზმის უპირატესობა იმაშია, რომ ძალიან სწრაფი, კონკრეტული და შედეგიანი მექანიზმია, რომელიც დიდად არ უკავშირდება ხანგრძლივ განხილვებს და უფრო პოლიტიკურ შეფასებებს. ის დებს ძალიან მკაფიო სამართლებრივ შეფასებებს ძალიან მკაფიო მოთხოვნებით", - განაცხადა კოალიცია „ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მექანიზმის დასკვნები მარტივად გამოსაყენებელია საერთაშორისო ინსტანციებში, რომლებიც დამრღვევებს უკვე აკისრებენ პასუხისმგებლობას. როგორც გვარამიამ განაცხადა, აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგანაც იგი იშვიათად გამოიყენება და მისი მოსყიდვა შეუძლებელია.
შეხვედრას ასევე ეწსრებოდნენ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს იმ რეპრესიებზე, რომელსაც, მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე.
საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში არსბულ ვითარებას, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში, 11-დან 24 თებერვლის პერიოდში შეისწავლიან.
როგორც ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურება წარმოადგენს ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობას, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზადაა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი მექანიზმის ამოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული უსამართლო კამპანიის ნაწილი უწოდა.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი" მონაწილე ქვეყნებს უფლებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.
საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.