სახელმწიფო ყურძნის შესყიდვის პროცესში მხოლოდ ჭარბი მოსავლის შემთხვევაში ჩაერთვება

მუხუზლას განცხადებით, მეღვინეობის დარგის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის აუცილებელია, უფრო მეტად ფასობდეს ხარისხიანი ყურძენი.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში სახელმწიფო ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია და კერძო სექტორიდან მასზე მოთხოვნა არ არის, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
მისი განცხადებით, სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის და მისი მიზანი ღვინის წარმოება არ არის.
„სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და მევენახეები პრობლემების პირისპირ მარტო არ დარჩნენ. სწორედ მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის და არა ღვინის დასამზადებლად, რთველის პერიოდში სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის“, – აღნიშნა მეხუზლამ.
2026 წლის რთველისთვის დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია სამი ფასი. კერძოდ, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი უნდა იყოს დაუზიანებელი. ასეთ შემთხვევაში, 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 1.50 ლარს გადაიხდის. შაქრიანობის ქვედა ზღვარად კი განისაზღვრა 17%, რომელზეც იქნება მიბმული უხარისხო ყურძნის დეფინიცია.
„ყურძნის კონდიციურობისა და ხარისხიდან გამომდინარეა განსაზღვრული ყურძნის სამი განსხვავებული ფასი. აღნიშნულ მიდგომას სრულად იზიარებს ღვინის კერძო სექტორიც, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე“, – განაცხადა მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაბალხარისხიანთან შედარებით მაღალხარისხიან კონდიციურ ყურძენზე ფასის გაზრდა მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ მოიყვანონ ხარისხიანი მოსავალი, რომლისგანაც იწარმოება ხარისხიანი ღვინო.
„მეღვინეობის დარგის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის აუცილებელია, უფრო მეტად ფასობდეს ხარისხიანი ყურძენი“, – განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.
გასულ წელს საქართველოში 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა - შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში კი ჩართული იყო 500-ზე მეტი ღვინის საწარმო.
წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
რაჭის რეგიონში კი სუბსიდირების პროგრამა კვლავ განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა.
სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ასევე, 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.