თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ „გემო ფესტთან“ და ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სვანეთი „გემო ფესტს“ 21-22 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით ხუთი დამატებითი ავიარეისი დანიშნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დამატებითი ავიარეისები რეგულარული რეისების პარალელურად 19-23 თებერვლის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 13:00;
მესტია – ნატახტარი, გაფრენა 14:15;
ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:45;
მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:15;
20 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:00;
მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30;
22 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:00;
მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30;
23 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:30;
მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00
მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00.
ამ ეტაპზე ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
„გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ფრირაიდის მსოფლიო ტური (FWT) Georgia pro 2026-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია კი 21 თებერვალს, 18:00 საათზე მესტიაში, სეტის მოედანზე გაიმართება - შეჯიბრება თეთნულდის მთაზე, 22-28 თებერვლის პერიოდში საუკეთესო კლიმატური პირობების დადგომისთანავე ჩაინიშნება.
შეჯიბრების დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტურზე (FWT) დასწრების მსურველებს სეტის მოედნიდან თეთნულდის მიმართულებით და უკან, უფასო ტრანსპორტი მოემსახურება.