თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქმის გამო უცხოეთში ვიზიტები მიწევს, ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა, კვირის ბოლოს ვბრუნდები, განაცხადა საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიაპლატფორმა BMG-სთან.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა - აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.
„ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები. თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა", - განაცხადა დავითაშვილმა.
გუშინ ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენდირექტორი გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) გამოკითხვაზე იმყოფებდნენ. ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „შეხვედრა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა“.
თუმცა, სუს-ში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2025 წლის ივნისში დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა. თუმცა, დავითაშვილმა მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც რამდენიმე თვეში დატოვა.
დავითაშვილი 2025 წლის სექტემბრიდან ყულევის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.