თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას გარდა, კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში პროკურატურამ ბრალი ძმებ გურამ კაკულიასა და დავით კაკულიასაც წარუდგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, მასზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, რაც მიმალვად ითვლება.
როგორც პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა, ჟვანია გამოძიების ფარგლებში რამდენჯერმე გამოიკითხა და თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული, გარდა ამისა, მან საგამოძიებო ორგანოებს ტელეფონის სხვა ნომერი მიაწოდა და არა ის, რომელსაც სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენისას იყენებდა.
„აღნიშნული გარემოებები მიუთითებს გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკზე, რადგან ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტკიცებულებებზე ან მოწმეებზე ზემოქმედების მიზნით“, - განაცხადა ბრალმდებელმა.
დაცვის მხარის შეფასებით კი, საქმეში არ იკვეთება კონკრეტული გარემოება ან ფაქტობრივი მასალა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულების შესაძლო მონაწილეობაზე.
რაც შეეხება ძმებ კაკულიებს, ისინი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები და უკვე იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში. ძმები დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა.
საქმის მასალების მიხედვით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა მის მამაზე შურისძიების მიზნით განიზრახეს. მათ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა მეგობარ ბესარიონ ჟვანიასთან ერთად დაგეგმეს. ბრალდებულები ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდნენ და შესთავაზეს კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.
2021 წლის 15 სექტემბერს კავილაძე და ჭელიძე თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ნიკო კვარაცხელია მიღებული დაზიანებების შედეგად იმავე დღეს გარდაიცვალა.
გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება სსკ-ის 25, 109-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე უკვე არიან მსჯავრდებულები და შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.