ადვოკატი: ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილია

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საპროცესო შეთანხმებით და დაზარალებულ მხარესთან (ბიძინა ივანიშვილთან - რედ.) სამოქალაქო საქმეზე მორიგებით გიორგი ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო დევნა დასრულდა, განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი. მას დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.
„ვადასტურებ, რომ გიორგი თავისუფალია. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და შესაბამისად, ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია“, - განაცხადა მახარაშვილმა.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა.
ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მას ასევე დაეკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა.
რაც შეეხება ბაჩიაშვილის მშობლებს, 2025 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებულის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 30 სექტემბერ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა 2015-2017 წლებში მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა არ გადასცა ინვესტორს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 8.986,8675 ბიტკოინი, რის შემდეგაც აქტივების ლეგალიზაცია მოახდინა.
ბაჩიაშვილმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად „აუცილებელ მოქმედებებში" საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, ისინი ხელს უწყობდნენ თანხების/აქტივების გადმოტანას საზღვარგარეთიდან საქართველოში, მათი აკუმულირებას ბაჩიაშვილის და კონტროლირებად ანგარიშებზე, ქონების შეძენასა და შემდგომ რეალიზაციას, რის შედეგადაც უკანონო აქტივები ფინანსურ სისტემაში ინტეგრირდებოდა. ამ პროცესში ხდებოდა აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმომავლობის, მდებარეობისა და საკუთრების უფლებების დამალვა.
გამოძიების ინფორმაციით, 2017-2023 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა მშობლების დახმარებით 2.944,957 აშშ დოლარისა და 1.097,187 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინა.
ორივე პირს ბრალდება სსკ-ის 25 და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.