ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომლის პარალელურად მოხდა მიქაძეებისა და ჯოხაძეების ახლობლებსა და ჯანგველაძის მხარის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ჯერჯერობით უცნობია რა მუხლის დარღვევას ედავება საგამოძიებო უწყება დაკავებულებს.
დაპირისპირების შედეგად, დაზიანებულია ავტომობილი. სამართალდამცველებმა სასამართლოს ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს, რამდენიმე კი განარიდეს.
„კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
ჯანგველაძე მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
29 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილად გამოაცხადა. შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად უწყებამ ყოფილი გენპროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ფარცხალაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ასევე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი.