რამდენმა თბილისელმა ისარგებლა 500-ლარიანი ვაუჩერით

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი − Sputnik. სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220.338 მოთხოვნა დააფინანსა.
„აღნიშნული პროგრამა წელსაც გრძელდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღონ", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა და როგორ შეძლებენ სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების უფასოდ მიღებას.
პროგრამის ბენეფიციარები არიან თბილისში რეგისტრირებული პენსიონერები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 200 ათასს არ აღემატება.
„სოციალურად დაუცველ პენსიონერებზე მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ გაიცემა. მოქალაქე ელექტრონულად გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს.
დედაქალაქის მერიამ „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2022 წელს დაიწყო, რაც საარჩევნო დაპირება იყო.