თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საპროტესტო მოძრაობის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოური ფონდების, მათ შორის USAID-დის გავლით შემოდიოდა, რაზედაც დღეს ღიად საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ქვეყნის პირველი დიპლომატი ასე გამოეხმაურა 2024 წლის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ბენცმა განაცხადა, 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ. ბენცმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის „ორმაგი სტანდარტი“ : მაშინ, როცა ამერიკაში წლებია მოქმედებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონი (FARA), ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას უკრძალავს, რადგანაც ამ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ქონა თავად სურს.
„ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდათ სწორედ იმ ფონდებს, რომლებზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში. მათ შორის, USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ქართულ პოლიტიკაში და ქვეყანაში რევოლუციების დაფინანსებაში, რითაც ხელს უწყობდნენ ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შეცვლას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც იბრძვის საქართველოს ხელისუფლება და აგრძელებს ბრძოლას. „ეს არის ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის განვითარებასთან", - დასძინა ბოჭორიშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე მიდიოდა.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის კვალდაკვალ შეაჩერა NED-ის დაფინანსება, რომელიც მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორად ითვლება.
აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის შესახებ. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება ორმხრივი შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯები.