Moby საქართველოში კონცერტს გამართავს

ამერიკელი მუსიკოსი, დიჯეი და პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ლეგენდა Moby ქართველი მსმენელის წინაშე კონცერტით პირველად წარდგება - კონცერტი Rustavi International Motorpar-ის ტერიტორიაზე 30 ივლისს გაიმართება,
რიჩარდ მელვილ ჰოლი მსმენელის წინაშე 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარდგება.
ბილეთების გაყიდვა პლატფორმა tkt.ge-ზე 17 თებერვლის 14:00 საათზე დაიწყება.
„მსმენელს ელოდება დაუვიწყარი საღამო, რომელზეც გაჟღერდება არტისტის ისეთი საკულტო ნამუშევრები, როგორიცაა Porcelain, Extreme Ways, Go, Lift Me Up", - აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.
Moby-ის კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის, მსოფლიო მასშტაბით ალბომების გაყიდვები 20 მილიონს აჭარბებს. მისი სადებიუტო სინგლი Go, რომელიც 1991 წელს გამოვიდა, ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა.
საკონცერტო სივრცე მსმენელისთვის 18:00 საათზე გაიხსნება. 12-დან 18 წლამდე პირები კონცერტზე დასწრებას მხოლოდ ზრდასრულთა თანხლებით შეძლებათ.