თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა ეგაძემ ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა.
ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში – 85,11, თავისუფალში – 175,16, ჯამში კი– 260,27 ქულა დააგროვა.
ფიგურულ ციგურაობაში ვაჟთა ასპარეზობა ყაზახეთის წარმომადგენლის, მიხაილ შაიდოროვის გამარჯვებით დასრულდა. ის მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე პოზიციაზე იყო, თუმცა თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ წარმოადგინა და ორი გამოსვლის ჯამში 291,58 ქულა დაიმსახურა. მეორე და მესამე ადგილებზე იაპონიის წარმომადგენლები გავიდნენ.
მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე მყოფმა ამერიკის წარმომადგენელმა, ილია მალინინმა მოულოდნელად ბევრი შეცდომა დაუშვა და მეცხრე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებში მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ: ოლიმპიურ ყინულზე ანასტასია გუბანოვა 17 თებერვალს გავა და ლუკა ბერულავა/ანასტასია მეტელკინას წყვილი კი - 15 თებერვალს.
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობის ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა - საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების შედეგად ქართველმა სპორტსმენებმა 56 ქულა დააგროვეს. საქართველომ გუნდური ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზა.
საქართველოს წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი სპორტულ ცეკვებში კი მეცამეტე ადგილზე გავიდნენ (196,02 ქულა).
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარია.