თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 1-ელი ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან კი პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„უკვე მომზადებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, 1-ელი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება იკრძალება. 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების შემცირების ისეთი მოდელი, რომელიც აბალანსებს ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის, ასვე, მეორე მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს, ასევე უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ამოქმედებას.
„ჩვენი მიზანია პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის სურსათთან პირდაპირ შეხებაში. არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ პლასტმასის გამოყენების გაზრდილი მასშტაბები უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე და მეორე მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პლასტმასის ჭარბი მოხმარება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების და ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.