თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად განიხილა და გასცა პასუხი მოსარჩელეს - „ქართულ ოცნებას“ სარჩელზე, რომელიც მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ გამოქვეყნებულ მასალას ეხებოდა, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“ BBC-ს სპიკერზე დაყრდნობით.
საქართველოს მხარემ სარჩელით მიმართა ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაცია BCC-ის სიუჟეტის გამო, სადაც 2024 წლის ბოლოს მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების გამოყენებაზეა საუბარი. მმართველი პარტია მოითხოვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული ყველა მასალის ამოღებას შესაბამისი პლატფორმებიდან, ასევე ოფიციალურ უარყოფას უსაფუძვლო ვარაუდებისა და ბრალდებებისა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომენტარში აღნიშნა, რომ BBC-ს პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
„რა თქმა უნდა წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა. თავიდანვე ვთქვით, რომ მივყვებით პროცედურებს. ჩვენი იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ, მათი პოზიცია შიდა რეგულაციის დონეზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, BBC-სგან შეცდომების აღიარების იმედი არც ჰქონდათ და „გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც რომელიმე უცხოური სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა“. ახლაც ასე მოხდება, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ", - განაცხადა BBC-ის სპიკერმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიმართლის დასაცავად გამოიყენებს ყველა არსებულ მექანიზმს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით, ხოლო შესაბამისი რეაგირების არარსებობის შემთხვევაში საქმის განხილვას გააგრძელებს როგორც ბრიტანეთის მარეგულირებელ ორგანოში, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში.
საჩივრით მოთხოვნილი არის:
1. ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან
2. BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა:
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“,
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ,
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია,
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისში იარაღის სამალავის საქმეზე.