საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხის შესწავლაში შეიძლება საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ

საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ფასების შემსწავლელი დროებითი საპალამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავს ინიციატივით, რომ ფასებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მოსამზადებლად საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე შალვა ბერეკაშვილმა.
საურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და დღეს პირველი სხდომა გამართა - კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს.
„მოვიწვიოთ ისეთი კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორზე, რომ პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნეს-პროცესები, რა პრობლემები არსებობს და შეადაროს საქართველოს მსგავს ქვეყნებთან“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის მიზანია, კომპანიამ შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
„ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება დოკუმენტი, განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული, რომელიც არსებითად მნიშვნელოვნად დაეხმარება საბოლოო ჯამში ჩვენი კომისიის მუშაობას და შედეგზე გასვლას“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო კომისიის მომდევნო შეხვედრა პარასკევს, 13 თებერვალს გაიმართება.
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.
სურსათზე ფასები
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების დარეგულირების საკითხს სხვა უწყებებთან ერთად სწავლობს საპარლამენტო კომისიაც.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების საკითხი. კომისიამ გამართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათი არგუმენტები მოისმინა.
ფასების დარეგულირების საკითხს სწავლობს 3 თებერვალს შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიაც, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრებს გამართავს სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.
კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.
პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.