ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი მიიღო

მსგავსი კლასის ტანკერების მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ფოთის პორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ პოტენციალს, აღნიშნავენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კოორდინაციით ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი SEA NIMBUS-ი ანტვერპენის პორტში, ExxonMobil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაიტვირთა და ფოთის ნავსადგურში მიმდინარე წლის 7 თებერვალს შემოვიდა.
„ფოთის ნავსადგურმა კომპანია Gulf-ის 30 000-ტონიანი ნავთობტანკერის უსაფრთხო და წარმატებული მიღება უზრუნველყო. აღნიშნული ფაქტი ნათლად ადასტურებს ფოთის პორტის მზადყოფნას, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიიღოს მსგავსი კლასისა და ტონაჟის გემები“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
გემის უსაფრთხო მიღება შესაძლებელი გახდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“, „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ და ნავმისადგომის ოპერატორის — შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედის“ მიერ გაწეული ერთობლივი სამუშაოებისა და ეფექტიანი კოორდინაციის შედეგად.
„განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, ნავსადგურში მიღწეულმა სიღრმემ 10,4 მეტრი შეადგინა, რამაც უზრუნველყო 10 მეტრი წყალშიგის მქონე გემის ფოთის პორტში უსაფრთხო შემოსვლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, ფოთის ნავსადგურმა აღნიშნულ სიღრმეებს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია.
„მსგავსი კლასის ტანკერების მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ფოთის პორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ პოტენციალს, ზრდის მის კონკურენტუნარიანობას რეგიონში და ამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო საზღვაო ლოჯისტიკურ ჯაჭვში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს. ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.