სააკაშვილის „უკბილო პროექტი": წარუმატებელი პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“

როგორ დატოვა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობა უკბილოდ? „Sputnik-საქართველოს" ვიდეოში იხილეთ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლის მოვლენები, როდესაც 2012 წლის არჩევნებამდე მან ქვეყნის შეჭირვებული მოსახლეობისთვის ამბიციური პროექტი წამოიწყო.
Sputnik
პროექტი „ღიმილიანი საქართველო" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო, რომელიც საზოგადოების დაბალი ფენის მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად. ორწლიანი პროგრამა შეეხებოდა 50 წელს ზემოთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.
„არავის უნდა ერიდებოდეს პირის გაღება იმის გამო, რომ კბილები არ აქვს", - განაცხადა სააკაშვილმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთი უფასო სასადილოს ბენეფიციარებთან შეხვედრაზე. მან პირობა დადო, რომ შეჭირვებულ მოქალაქეებს ახალ კბილებს გაუკეთებდა, რათა ისინი „კარგ ხასიათზე ყოფილიყვნენ და გაეღიმათ.“
2012 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების წინ გურიის რეგიონში მობილური ამბულატორიული კლინიკები გამოჩნდა. რამდენიმე ასეულმა მოსახლემ კბილების ამოღება მოასწრო, თუმცა, ბევრი მათგანი უფასო პროთეზის გარეშე დარჩა.
2012 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის პარტიის მარცხისა და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა აღნიშნულ პროგრამაზე, რის შედეგადაც, ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, რომელთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია, პრობლემურ ვითარებაში აღმოჩნდა.