რას ედავება კონკურენციის სააგენტო „ტექნოლაბს“

მომხმარებელმა GCCA-ის მიმართა პრეტენზიით, რომ მაღაზიაში შეძენილი პროდუქცია გამოუსადეგარი აღმოჩნდა
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, მომხმარებელმა GCCA-ის მიმართა პრეტენზიით, რომ მაღაზიაში შეძენილი პროდუქცია გამოუსადეგარი აღმოჩნდა მისი ფუნქციური დანიშნულებით გამოსაყენებლად, რასთან დაკავშირებითაც თავდაპირველად მომხმარებელმა მოვაჭრეს მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
მოვაჭრის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, მომხმარებელი პროდუქტს არასწორად იყენებდა.
„მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მომხმარებელს არ მიეწოდა საქონლის შესახებ არსებითი ინფორმაცია. სააგენტომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, მოვაჭრე - შპს „აიფონ ჯორჯიას“ დაუდგინა ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და უნაკლო საქონლის გადაცემის ვალდებულების დარღვევის ფაქტები“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.