თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მელიამ მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, მელიამ სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.
პოლიტიკოსს ბრალდება სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ვინაიდან ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ბრალდება ნიკა მელიასთვის რიგით მეოთხეა. ამ დროისთვის პოლიტიკოსი პატიმრობაში იმყოფება. მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება, 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამავე დროს, მელია მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელზეც, ის მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, ასევე დამნაშავედ ცნეს და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.