თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. რუსეთს აქვს შანსი ორმხრივი საქონელბრუნვის მდგრადი ზრდის ფონზე საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავოს, განაცხადა РИА Новости-სთან რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCI) პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ცნობით, 2025 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 6,3%-ით გაიზარდა და 2,688 მლრდ დოლარი შეადგინა. რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის - მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2025 წელს 10,4% შეადგინა.
„სტატისტიკა ადასტურებს რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მდგრად განვითარებას. მიმდინარე დინამიკის შენარჩუნებისა და ლოჯისტიკისა და ბიზნეს-საქმიანობის შემდგომი განვითარების პირობებში რუსეთს ყველა საფუძველი აქვს, რომ უახლოეს წლებში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდეს", - განაცხადა კატირინმა.
მისი თქმით, რუსეთში ქართული ექსპორტის ძირითადი ნაწილი საკვები და გადამუშავებული პროდუქტებია, ძირითადად ღვინო, მინერალური წყალი, გამაგრილებელი სასმელები, ასევე ხილი და თხილი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რუსეთიდან ექსპორტი კი ძირითადად ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე, მარცვლეულზე, ნედლ ნავთობსა და მცენარეულ ზეთებზე მოდის.
„გვჯერა, რომ არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საფუძველი - როგორც მიწოდების მოცულობის გაზრდის, ისე გადამუშავების გაღრმავების, ლოჯისტიკის განვითარებისა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების გზით“, - განაცხადა კატირინმა.
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დამატებითი ზრდის პოტენციალი დაკავშირებულია სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასთან, გადახდების გამარტივებასთან, კომპანიებს შორის პირდაპირი კონტაქტების გაფართოებასა და მრეწველობასა და მომსახურების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან.