თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.