შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანა: პროექტთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება გაფორმდა

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება მხარეების კოორდინირებულ მუშაობაზე პროექტის მომზადებისა და განვითარების მიმართულებით.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბუქარესტში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (GSE) გენდირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და რუმინეთის ეროვნული ელექტროენერგიის გადაცემის კომპანია Transelectrica S.A.-ს დირექტორმა შტეფანიცა მუნტიანუმ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის პროექტის განვითარების მიზნით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
სახელმწიფო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება მხარეების კოორდინირებულ მუშაობაზე პროექტის მომზადებისა და განვითარების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ პროექტისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის კვლევების, მათ შორის შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური, ფინანსური, სამართლებრივი/მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კვლევების ჩატარების კუთხით.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინსტიტუციური წარმომადგენლობის კოორდინირებულ უზრუნველყოფას.
სახელმწიფო კომპანიის ცნობით, წელს იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ განხორციელებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.
პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2022 და 2024 წლების ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმაში (TYNDP) და წარდგენილია ENTSO-E TYNDP 2026 გეგმაში შეტანის მიზნით. 2025 წლის ევროკომისიამ პროექტი ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსის მისაღებ სიაში შეიტანა.
2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.