თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველი მაისიდან თბილისის მერიის "დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა - ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, თბილისის მერია სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
"არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით. ამ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თუნდაც 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სახით არის წარმოდგენილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები", – განაცხადა კახა კალაძემ.
კერძოდ, "დაავადებათა სკრინინგის" პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სრულად ფინანსდება:
ძუძუს კიბოს სკრინინგი
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი
კოლორექტული კიბოს სკრინინგი
პროსტატის კიბოს სკრინინგი
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი
ფილტვის კიბოს სკრინინგი
პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო ადმინისტრირებას უწევს "დაავადებათა სკრინინგის", "ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის" და "ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამებს, ასევე "სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში აფინანსებს ონკოპაციენტების სხვადასხვა მოთხოვნას.
კალაძის თქმით, თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად 10-დან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს.
"თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანი მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა–გახანგრძლივება და მათი ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა. საჭიროების შემთხვევაში, იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად დაგიდგებათ გვერდში", – განაცხადა კახა კალაძემ.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46.122.590 ლარია.