თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა შაიხა ნასერ ალ ნოვაისს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა, რაც ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმია.
შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა შაიხა ნასერ ალ ნოვაისი საქართველოში მოიწვია.
შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა და მას პრემიერთან ერთად ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, როგორც „გლობალური ვაჭრობის აუცილებელი წინაპირობა“.
გასული წლის მაისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველომ საკუთარი კანდიდატი (ზურაბ პოლოლიკაშვილი) მოხსნა და მხარი არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭირა.
ქართველი დიპლომატი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ორი ვადით იკავებდა: პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. მაშინ მადრიდში გამართულ სესიაზე მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატი საქართველოდან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიეს.
პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე უკვე მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც სტაბილური და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული.