თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციას ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
3 თებერვალს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზადყოფნას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.