კრივი: ლაშა გურული შემდეგ ბრძოლას 7 თებერვალს გამართავს

29 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ნიკარაგუის წარმომადგენელი ბრანდონ რივერა იქნება
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ქართველი მოკრივე, პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული პროფესიულ კრივში თავის მესამე ბრძოლას 7 თებერვალს ინგლისში, ქალაქ ლივერპულში ჩაატარებს.
29 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ნიკარაგუის წარმომადგენელი ბრანდონ რივერა იქნება - 21 წლის სპორტსმენს პროფესიულ კრივში 5 გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვს.
ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა 2025 წლის მარტში ჩაატარა. მან ქალაქ რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა, ხოლო ივლისში ლონდონში, უემბლის სტადიონზე ჯეიმს ფრენსისს სძლია.
ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.