კობახიძე: საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობა იზრდება

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი ინვესტიცია მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ გრძელვადიან პარტნიორად აღიქვამს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„ინვესტორთა ნდობა იზრდება, Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6,6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა თავის გამოსვლაში საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზეც ისაუბრა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველოს პოზიციებსაც გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო ოთხეულშია კორეასთან, სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად. ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ – მეოთხე ადგილზე.
„Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, მსოფლიოს 165 ქვეყნიდან 25-ე ადგილზე ვართ. დანაშაულის მსოფლიო სტატისტიკის 2025 წლის ინდექსში NUMBEO საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ოცეულში ასახელებს. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც. მისი თქმით, ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერმზიდი გემების მისაღებად და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად.
„ანაკლია არა მხოლოდ პორტია, ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ეფექტურ სასაზღვრო პროცედურებს, პროგნოზირებად ტრანზიტს და საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივებას.
„ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, ეფექტურ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, ქმნის ინტეგრირებულ ეკოსისტემას, რომელიც არა მოკლევადიანი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისთვის არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მსოფლიო მთავრობათა სამიტში ღებულობს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში 3-5 თებერვალს მასპინძლობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც დუბაიში 3-5 თებერვალს მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტში იღებს მონაწილეობას. კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - „ინვესტიციების მომავალი".
მსოფლიო მთავრობათა სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის აერთიანებს მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის არიან მთავრობების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, ასევე წამყვანი ექსპერტები.